რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 13 სექტემბერს რუსული დრონის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთის ელჩი დაიბარეს.
როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რუმინულმა მხარემ "გამოხატა მკაცრი პროტესტი ამ მიუღებელი და უპასუხისმგებლო აქტის წინააღმდეგ".
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტი რუმინეთის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.
"ასეთი განმეორებადი სიტუაციები იწვევს ესკალაციას და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების ზრდას.რუსულ მხარეს მოეთხოვა დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუმინეთი მუდმივ კონტაქტზეა თავის მოკავშირეებთან და ევროკავშირის სხვა წევრებთან.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს რუსულმა დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია და NATO-ს ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში დარჩა, შემდეგ კი უკრაინისკენ გაბრუნდა.




