აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების მიღწევის შესაძლებლობაში ეჭვი შეიტანა. შესაბამისი განცხადება მან ამერიკის ქალაქ ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა.
"არ ვიცი, მიიღწევა თუ არა მშვიდობა უკრაინაში მოლაპარაკებების გზით. სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ. არ მგონია, აქ ვინმე ამტკიცებდეს, რომ ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების ზღურბლზე ვდგავართ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
რუბიოს განცხადება გაისმა მალევე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგ ჯერზე განაცხადა უკრაინის შესახებ შეთანხმების სიახლოვის თაობაზე. "ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ გარიგების დადებასთან. ადრე ამაზე არ მისაუბრია. ვვარაუდობ, არის ძალიან კარგი შანსები, რომ ამ საკითხის მოგვარებასაც შევძლებთ", - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ბლოგერ ბენი ჯონსონს.
ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში რუბიო აცხადებდა, რომ მას არ სჯერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურვილის, დადოს რაიმე შეთანხმება უკრაინის ომზე 2027 წლის გაზაფხულამდე. ამის შესახებ გამოცემა "რადიო თავისუფალი ევროპის" ჟურნალისტმა ალექს რაუფოგლუმ ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით განაცხადა.
"ევროპელმა დიპლომატებმა მოლაპარაკებები დატოვეს იმ შთაბეჭდილებით, რომ რუბიოს არ სჯერა, რომ პუტინი 2027 წლის გაზაფხულამდე უკრაინის თაობაზე რაიმე შეთანხმებას დათანხმდება", - აღნიშნულია რაუფოგლუს ერთ-ერთ პოსტში სოციალურ ქსელ X-ში. "რადიო თავისუფალი ევროპის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტმა დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა "დასავლელ კოლეგებთან საუბრებში უახლოეს თვეებში სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობაში ეჭვი შეიტანა".
ასევე, რუბიომ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ "მთელ დონბასზე კონტროლის დამყარება კრემლის ტერიტორიულ ამბიციებს არ დააკმაყოფილებს". "ეს არ შეამცირებს რუსეთის მადას", - მოჰყავს რაუფოგლუს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვები.




