რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციული სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართა.
„ურბი ეთ ორბი“ (ქალაქსა და მსოფლიოს) ქადაგებაში პაპმა უკრაინელ და რუს ხალხს – მშვიდობა, ტყვეებს – სახლებში დაბრუნება და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში ომის დასრულება უსურვა.
„დაეხმარეთ ჩვენს საყვარელ უკრაინელ ხალხს მშვიდობის გზაზე და მოჰფინეთ აღდგომის ნათელი რუს ხალხს. ნუგეში ეცით დაჭრილებს და ყველას მათ, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა ამ ომის გამო, და ტყვეები მშვიდობიანად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – აღნიშნა რომის პაპმა.
ფრანცისკემ ისაუბრა სირიასა და თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლზე და სოლიდარობის გაგრძელების აუცილებლობაზე. ასევე, მშვიდობის დასამკვიდრებლად ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგის განახლებისკენ. ამასთან, რომის პაპმა აფრიკის ქვეყნებში სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.