"როსნეფტის" კუთვნილმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხნებმა სარატოვსა და სიზრანში, მიმდინარე თვეში უკრაინული თავდასხმების შედეგად, მუშაობა შეწყვიტეს, – იტყობინება სააგენტო Reuters ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობის სამ წყაროზე დაყრდნობით.

ამ მონაცემებით, სიზრანის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ნედლეულის გადამუშავება 15 სექტემბერს შეწყვიტა, ხოლო სარატოვის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ – 11 სექტემბერს. მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებისა რუსეთსა და უკრაინას შორის "ენერგეტიკული ზავის" შესახებ, ამ კვირაში მხარეებმა ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები კვლავ განაგრძეს.

Reuters-ის შეფასებით, სიზრანისა და სარატოვის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მუშაობის შეწყვეტა, სავარაუდოდ, გაამწვავებს საწვავის დეფიციტთან დაკავშირებულ სიტუაციას რუსეთის შიგნით, რომელმაც ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის ექსპორტი შეზღუდა. პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისათვის "როსნეფტს" ვოლგისპირეთში მდებარე თავისი ქარხნების გაჩერების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.