აშშ-ს მთავრობის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ თუ ჩინეთი ტარიფების შემცირებისა და ტექნოლოგიური ექსპორტების შეზღუდვებზე მოთხოვნებს არ დათმობს, აშშ ვიდეოების პლატფორმა TikTok-ს აკრძალავს.
აშშ-ს და ჩინეთის დელეგაციები მადრიდში მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში TikTok-ის ჩინელი მფლობელის, ByteDance-ის მიერ პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის ამერიკული კომპანიისთვის მიყიდვას განიხილავენ.
TikTok-ს აშშ-ში 17 სექტემბრიდან აკრძალვა ემუქრება, თუ ის ამერიკულ საკუთრებაში არ გადავა.
Reuters-ს წყარო უყვება, რომ მადრიდის მოლაპარაკებებზე მყოფმა ჩინურმა დელეგაციამ TikTok-ზე აშშ-ს პოზიცია სრულიად არასწორად გაიგო.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ვაჭრობასა და ტექნოლოგიებზე შეზღუდვების შემცირებას ითხოვს და სანაცვლოდ თანხმდება, რომ პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაცია ამერიკულ მფლობელობაში გადავიდეს.
"ჩვენი ჩინელი კოლეგები ძალიან აგრესიული მოთხოვნით მოვიდნენ. სოციალური მედიის აპლიკაციისთვის ეროვნული უსაფრთხოების გაღებას არ ვაპირებთ" - თქვა ბესენტმა.
აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კვირას დაიწყო და ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უკვე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდია.