ვაშინგტონში ალიანსის ლიდერების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის მომავალ წელს 40 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე შეთანხმდნენ, წერს Reuters ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა წევრ მოკავშირე ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რომ თავის თავზე აიღონ კიევისთვის სამხედრო დახმარების სტაბილური და მრავალწლიანი ვალდებულება, როგორც ომის დაწყების პირველი დღიდან. ეს დახმარება წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ ევროს წარმოადგენს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები ამ ვალდებულებას პროპორციული ძალისხმევით გაინაწილებენ.
ფინანსური დაპირება, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელსაც ალიანსის ლიდერები 9-11 ივლისს ვაშინგტონის სამიტზე განიხილავენ.