კომპანია "გაზპრომნეფტის" კუთვნილი მოსკოვის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა 20 სექტემბერს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) თავდასხმების შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებზე გაჩენილი ხანძრების გამო მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters ნავთობგადამმუშავებელი მრეწველობის სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
20 სექტემბერს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შესახებ დაწერა. მისი ცნობით, რამდენიმე დრონმა "მოსკოვის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიამდე მიაღწია".
Reuters-ის თანამოსაუბრეების თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარზე გაჩნდა, ხოლო აღჭურვილობის შეკეთებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისათვის კომპანია "გაზპრომნეფტს" ჟურნალისტების კითხვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც Reuters წერს, ქარხნის პირველადი გადამუშავების ბლოკის, AVT-6-ის წარმადობა შეადგენს დღეში 21 400 მეტრულ ტონა ნედლეულს, რაც ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საერთო სიმძლავრის 53%-ია. ამასთანავე, ნავთობის პირველადი გადამუშავების კომბინირებული დანადგარის, EURO+-ის წარმადობა დღეში 18 800 ტონას შეადგენს, რაც დარჩენილი 47%-ია.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბრიდან მოსკოვის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის წარმოების ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიები სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე გასაყიდად აღარ გამოფენილა.




