ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი კვლავ განიხილავს აშშ-ს წინადადებას ომის დასრულების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი რეაქცია უარყოფითი იყო.

საჯაროდ, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ნებისმიერი მოლაპარაკების პერსპექტივა მკაცრად გააკრიტიკეს. თუმცა, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პაკისტანისთვის, რომელმაც ირანს ვაშინგტონის სახელით 15-პუნქტიანი წინადადება მიაწოდა, ოფიციალური პასუხის გადაცემის დაგვიანება იმაზე მიუთითებს, რომ თეირანში ზოგიერთი ფიგურა ამ წინადადებას მაინც განიხილავს.

ირანელი მაღალჩინოსნის მიერ სააგენტოსთვის მიცემული კომენტარები, რომ წინადადება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ეწინააღმდეგება ირანული მედიის ცნობას, რომელიც უცნობ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ირანმა ის უკვე უარყო.

პაკისტანის უსაფრთხოების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ პაკისტანი 15-პუნქტიანი გეგმაზე პასუხის მოთხოვნით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე დაუკავშირდა და ოფიციალურ პასუხს კვლავ ელოდება.

"ირანელებმა გვითხრეს, რომ დღეს ღამით დაგვიკავშირდებიან. მედია წერს, თითქოს მათ სამშვიდობო წინადადებაზე უარი თქვეს, მაგრამ ჩვენ ირანისგან ოფიციალური დადასტურება არ მიგვიღია. ამიტომ უბრალოდ ველოდებით. ისინი ყველანი მიწისქვეშ იმყოფებიან და კომუნიკაცია პრობლემურია" - უთხრა მეორე პაკისტანურმა წყარომ Reuters-ს.