აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მაიამიში გამართულ შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს არწმუნებდნენ, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიზელის გარიგება რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას შეუწყობდა ხელს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, შეხვედრის დროს პრეზიდენტ ტრამპის სიძემ, კუშნერმა, უკრაინას გადასცა თეთრი სახლის ხელმძღვანელის მოთხოვნა — შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე .
Reuters წერს, რომ ასეთი ნაბიჯი აშშ-ს დაეხმარებოდა კრემლის დაყოლიებაში, ასევე წასულიყო დათმობებზე. ამასთან, სააგენტოს თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინულ მხარეს აცნობეს: ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ არ არის მზად ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმართვისთვის.
როგორც სააგენტოს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც "დონბასის დარჩენილ 11%-ს მიიღებს, რაც მას საშუალებას მისცემს, ეს ქვეყნის შიგნით გამარჯვებად წარმოაჩინოს".
Reuters ასევე იუწყება, რომ ოფიციალური კიევის წარმომადგენლები აშშ-ის მიდგომას სკეპტიკურად შეხვდნენ და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან არაფერი შეუთანხმებიათ. ამასთან, წყაროების ცნობით, უკრაინა მზადაა დათანხმდეს რუსეთში ნგქ-ებზე დარტყმების შეწყვეტას, ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი შეწყვეტის პირობით.
მაიამიში მოლაპარაკებები 9 ოქტომბერს აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალ ზამთარს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, მარცვლეულის ექსპორტისა და ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის საკითხები. შეხვედრა იმ დიზელის გარიგების ფონზე ჩატარდა, რომლის შესახებ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა.
კერძოდ, მოქმედი სანქციების მიუხედავად, ვაშინგტონი კრემლთან შეთანხმდა ამერიკულ და საერთაშორისო ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზე. თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ ვაჭრობის განახლება ხელს შეუწყობს რუსეთთან დიალოგის დამყარებას და შექმნის პირობებს უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ წასაწევად.
გარიგების განსახორციელებლად, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ გასცა ლიცენზია რუსული დიზელით ოპერაციების განხორციელებაზე, რაც მანამდე, სანქციების გამო, აკრძალული იყო. ლიცენზია მოქმედებს 2027 წლის 7 აპრილამდე. ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ამ ტიპის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების ვადამდე ადრე მოხსნის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ და მას "ომში ინვესტიცია" უწოდა.
როგორც გამოცემა Axios ვაშინგტონის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯზე იმის გამო წავიდა, რომ კიევმა უარი თქვა, ცალმხრივად შეეწყვიტა თავდასხმები რუსეთში მდებარე ნგქ-ებზე. ზელენსკის მხრიდან კრიტიკის კომენტირებისას, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის "პრეზიდენტის შეცვლის დროა".




