2024 წლის მარტის მუნიციპალური არჩევნები თურქეთის პრეზიდენტისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ბოლო იქნება. ამის შესახებ მან TÜGVA-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებას 2028 წლადმე შეასრულებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამასთანავე, ერდოღანი დარწმუნებულია, რომ თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტია, რომლის ლიდერიც ის არის, პოლიტიკად მისი წასვლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩება.
„ადგილობრივი არჩევნების შედეგები ჩემი ძმებისთვის დალოცვა იქნება, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ“, - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი.
თავად ერდოღანი მარტის არჩევნებში უშუალოდ არ მონაწილეობს, მაგრამ მისი პარტიის წინაშე ანკარაში და სტამბოლში არჩევნების მოგების ამოცანა დგას. თურქეთის უდიდესი ქალაქების მუნიციპალიტეტებს ამჟამად ოპოზიცია უდგას სათავეში. სტამბოლში 2019 წელს გამართული არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. ერდოღანი სტამბოლის მუნიციპალიტეტს 1994-1998 წლებში ედგა სათავეში.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის ხელისუფლებაში უკვე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება. 2003 წელს ის პირველად აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, ხოლო 2014 წელს - პრეზიდენტად. 2018 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ თურქეთის პრეზიდენტად აირჩიეს. 2023 წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა, ოღონდ ამისთვის მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. მაშინ ერდოღანმა ქემალ კილიჩდაროღლუს აჯობა. მოქმედი პრეზიდენტის ვადა 2028 წელს იწურება.