ილონმა მასკმა, მას შემდეგ, რაც ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა, რომ მასკი მისი მეგობარია, მოულოდნელად აქცია მას ზურგი და დაწერა, რომ ფარაჯი უნდა გადადგეს პარტიის ლიდერის პოსტიდან.

„რეფორმების პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება. ფარაჯს არ აქვს ის, რაც საჭიროა“, - დაწერა ილონ მასკმა X-ზე.

ტვიტი მასკმა მას შემდეგ ატვირთა, რაც ფარაჯმა მას უწოდა „ამერიკელი მეგობარი“, რომლის მხარდაჭერაც რეფორმების პარტიას ახალგაზრდების მოზიდვაში ეხმარება და „მაგარს“ ხდის და ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მასკის მიერ მისი და რეფორმების პარტიის მხარდაჭერის ფაქტი არ ნიშნავს ყველა საკითხში მასთან დათანხმებას და ამგვარად დისტანცირდა ანტიიმიგრაციული და ანტიმუსლიმური შეხედულებებით ცნობილი ტომი რობინსონის მხარდამჭერი მასკის კომენტარებისგან. 

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი საათის შემდეგ ილონ მასკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგაც გაილაშქრა.

„სტარმერი უნდა წავიდეს. ის ეროვნული სირცხვილია“, - დაწერა მან.