ბრიტანელი კომიკოსი და მსახიობი რასელ ბრენდი „ცივსისხლიანად დამგეგმავი, ცბიერი და დაუნდობელი სექსუალური მტაცებელია“ — განაცხადა ბრალდებამ გუშინ ლონდონის სამეფო სასამართლოში.
51 წლის ბრენდს ბრალად ედება საკუთარი პოპულარობის გამოყენება ექვსი ქალის მიმართ სამი გაუპატიურების, სამი სექსუალური ძალადობისა და ერთი უხამსი ქცევის ჩასადენად 1999-დან 2009 წლამდე პერიოდში. თავად ბრალდებული ყველა ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა სექსუალური კონტაქტი ურთიერთშეთანხმებით მოხდა.
ლონდონის საუთვორკის სამეფო სასამართლოში, ცნობილი ადამიანის მიმართ მიმდინარე უჩვეულო სასამართლო პროცესის გახსნაზე გაჟღერდა, რომ „ბავშვურად გულუბრყვილო“ ტელევარსკვლავი ქალებს თავისი კომედიური გამოხტომებით „იტყუებდა“, მსხვერპლს ჯერ ხიბლავდა, შემდეგ კი „ცხოველივით“ ესხმოდა თავს.
როგორც ნაფიც მსაჯულებს განუცხადეს, სექსზე შეშლილი, ამჟამად დაოჯახებული სამი შვილის მამა მეგობრებთან ტრაბახობდა, რომ „შეცდუნების ოსტატი“, „მექალთანე“ და „ქალთა გულთამპყრობელი“ იყო და იმავდროულად ამტკიცებდა: „ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ უთხრა მათ ის, რისი მოსმენაც სურთ“.
პროკურორმა, სამეფო ადვოკატმა რიელ კარმი-ჯონსმა განაცხადა, რომ ბრენდი ქალებს ჩაცინებით მიმართავდა და ეუბნებოდა, თამაშიდან ნუ ვარდებითო (ხასიათს ნუ მიფუჭებთო, „კაიფს ნუ ტეხთო“), როდესაც ისინი მის ყურადღების მიქცევის მცდელობებს უარყოფდნენ.
„ბრალდებულს ვერაფერი აჩერებდა. მისი სურვილი, დაემყარებინა რაიმე სახის სექსუალური კონტაქტი, იყო დაუოკებელი და ყოვლისმომცველი. მას, როცა სურდა, შეეძლო ყოფილიყო საყვარელი, მხიარული, უდავოდ მომხიბვლელი და სასიამოვნოც კი, როდესაც სანაცვლოდ რაღაცის მიღება უნდოდა“, — განუცხადა ნაფიც მსაჯულებს კარმი-ჯონსმა.
ამასთან, მას აღწერდნენ, როგორც მომთხოვნ, პრეტენზიულ, უზომო სექსუალური მადის მქონე ფლირტის მოყვარულს, რომელიც ბავშვივით ელოდა მისი ყოველი სურვილის დაუყოვნებლივ შესრულებას.
ბრალდების მხარის შეფასებით, იგი იყო „ცივსისხლიანად დამგეგმავი, ცბიერი და დაუნდობელი სექსუალური მტაცებელი“.
სასამართლოზე გაჟღერდა, რომ ბრენდის სამსახიობო კარიერის სწრაფად განვითარებისა და მისი ჰოლივუდის ვარსკვლავად ქცევის კვალდაკვალ, იგი სექსუალურ თავდასხმებს ღიად და ყველას თვალწინაც კი სჩადიოდა, ხოლო ერთ-ერთი ქალის საჩივარი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ უგულებელყო.
მეგობრების აღწერით, ბრენდი „ახალი სექსუალური პარტნიორების მოპოვების დაუცხრომელი სურვილით“ იყო შეპყრობილი და ჰქონდა „დაუოკებელი სწრაფვა, მიეღო ის, რაც სურდა და ვისთანაც სურდა“, თანაც ქალებს ისე ეპყრობოდა, „თითქოს ისინი არაფერს წარმოადგენდნენ“.
ბრალდების მხარემ სასამართლოზე დეტალურად აღწერა ძალადობის ეპიზოდები, რომლებიც 1999 წლიდან 2009 წლამდე პერიოდს მოიცავს. პროკურორის განცხადებით, ბრენდის მოქმედების ტაქტიკა (Modus Operandi) მრავალფეროვანი იყო — ზოგჯერ ის ქალებს იმას ეუბნებოდა, რისი მოსმენაც სურდათ, ზოგჯერ მათ ინტერესებს იზიარებდა, თუმცა მიზანი ყოველთვის ერთი იყო — საკუთარი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილება.
საქმეში არსებული ჩვენებების მიხედვით, ერთ-ერთ შემთხვევაში ბრენდმა მსხვერპლს ძალადობის შემდეგ ტექსტური შეტყობინებით ბოდიშიც კი მოუხადა, მას შემდეგ, რაც ქალმა მისწერა: „შენ მე ცხოველივით მომექეცი“.
კომიკოსის ყოფილი მეგობრები და ნაცნობები ადასტურებენ, რომ ბრენდისთვის ქალები და სექსი „მთავარი მიზანი და აკვიატება“ იყო და იგი მეგობრებთან ხშირად ტრაბახობდა, რომ 5 000 ქალთან სურდა სექსი.
სავარაუდო მსხვერპლებმა სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართეს, რაც 2023 წელს გამოცემა The Times-მა და ტელეკომპანია Channel 4-მა ბრენდის წინააღმდეგ საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნეს.
თავად რასელ ბრენდი, რომელიც სასამართლო დარბაზში შავ კოსტიუმში გამოწყობილი იჯდა, წარდგენილი ბრალდებების კითხვისას ემოციებს არ გამოხატავდა. დაკითხვისას მან პოლიციას განუცხადა, რომ ყველა სექსუალური კონტაქტი ორმხრივი თანხმობით ხდებოდა, თავად მომჩივნები კი საერთოდ არ ახსოვს და ამტკიცებს, რომ მათ მომხდარი ფაქტები „უბრალოდ წარმოსახვაში გადააკეთეს“.
სასამართლო პროცესი გრძელდება და სავარაუდოდ რვა კვირას გასტანს.
წყარო: Daily Mail
ფოტოზე: ბრიტანელი კომიკოსი რასელ ბრენდი და მისი მეუღლე ლაურა გალახერი სასამართლო პროცესის დაწყების წინ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




