ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი სტომატოლოგი შოთა მუსაევი დუბაი-თელ-ავივის რეის FZ1073-ზე იმყოფებოდა, სადაც მეორე პილოტმა კაპიტანს თავს დაესხა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. ბორტზე ერთადერთი ექიმი სწორედ ის აღმოჩნდა, რომელმაც სისხლისგან დაცლილი პილოტის სიცოცხლე იხსნა.
თვითმფრინავის წინა ნაწილიდან ხმაური შემომესმა და ყვირილის ხმა გავიგონე. ათიოდე წამში საშველად გავიქეცი და იმ დროს არც ვიცოდი, რომ ექიმის დახმარება იქნებოდა საჭირო. „მე ტერორისტთან საბრძოლველად მივდიოდი და არა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. როდესაც კაბინაში შევედი, პილოტი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, განსაკუთრებით თავიდან“, - უყვება მუსაევი The Times of Israel-ს ბენ გურიონის აეროპორტში ჩასვლის შემდეგ.
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი“, - ამბობს ის.
ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა. FlyDubai-ს თვითმფრინავი 34,000 ფუტზე მიფრინავდა 174 მგზავრით, როცა ომანელი მეორე პილოტი ინდოელ კაპიტან სმიტ მაჩარს დაესხა თავს. თვითმფრინავმა 2 წუთში 17 000 ფუტი დაკარგა და ჯერ 7700, შემდეგ კი 7500 - გატაცების კოდი გადასცა. ბორტი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა.
თავდამსხმელის განეიტრალების შემდეგ თვითმფრინავის მართვა ბორტზე მყოფმა მგზავრმა, სანტექნიკოსმა იანივ ჰაიუნმა და ორმა სათადარიგო პილოტმა გადაიბარეს.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირადად უამბო. ნეთანიაჰუმ დაჭრილ კაპიტანს „ნამდვილი გმირი“ უწოდა.
ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან თქვა: „არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ ეს ისტორია მივიღე ბიბისგან... მათ თქვეს, რომ [პილოტს] უნდოდა თვითმფრინავის ჩამოგდება. ის შესაძლოა ტერორისტი იყო ან უბრალოდ შლეგი“.
მან ასევე თქვა: „მან [სანტექნიკოსმა] საჭეს მოჰკიდა ხელი, ასწია და თვითმფრინავი მანამდე გაასწორა, სანამ ჩამოვარდებოდა“.
შოთა მუსაევის თქმით, ტაბუკში დაშვების შემდეგ კაპიტანი საუდის მედიკოსებს გადასცეს და მოგვიანებით აცნობეს, რომ მისი სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
„ძალიან მძიმე მომენტი, მაგრამ რამდენიმე მამაც ადამიანთან ერთად მოვახერხეთ კატასტროფის თავიდან აცილება. ახლა უბრალოდ სახლში წასვლა და ჩემ შვილებან ჩახუტება მინდა“ - ამბობს ის.
შოთა მუსაევის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი მიხეილ ხეცოიძე
წყარო: timesofisrael, usatoday, facebook
მოამზადა რაულ კაპანაძემ




