შემთხვევა კვირას, პოლონეთში, ლოძის მახლობლად მდებარე პაბინიცეში, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.

ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილ მოსაცდელში მარტო მყოფ 33 წლის ქალს, რომელიც თავის სმარტფონში იყო თავჩარგული, გვერდიდან 26 წლის ქალის მიუახლოვდა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი სკამიდან ძირს დასცა და მორიგი დარტყმისთვის სრულად მზადყოფნი მოულოდნელად შეჩერდა.

აგრესორის სახეზე აღბეჭდილი გაოცება ცხადყოფდა, რომ მას სხვა ქალზე თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი. თავდამსხმელმა მსხვერპლი დახმარების აღმოჩენის გარეშე მიატოვა და მიიმალა, შემთხვევის შემსწრე მოქალაქემ კი პოლიციაში დარეკა.



საავადმყოფოში გადაყვანილ ქალს დახმარება აღმოუჩინეს და ამის შემდეგ დაჰკითხეს. მან პოლიციელებს თავდამსხმელი აღუწერა, მაგრამ უთხრა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინაა იგი და მას რას ერჩოდა.

აღწერილობით და ქუჩაში არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერებით პოლიციელებმა თავდამსხმელს მიაკვლიეს. იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მცხოვრები აღმოჩნდა და იმდენად მთვრალი იყო, რომ მისი დაკითხვა მხოლოდ სამშაბათს მოხერხდა. მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და სხვა ქალზე სურდა თავდასხმა.

პოლიციის ცნობით, 26 წლის ქალს 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.