რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს საღამოს შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სამინისტროსა და ყირიმის ხიდის მიმდებარე რეგიონების ხელმძღვანელებთან. მან ყირიმის ხიდზე თავდასხმას "ტერაქტი" უწოდა და პირობა დადო, რომ რუსეთი მას უპასუხებს.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შესაბამის წინადადებებს უკვე ამზადებს", – განაცხადა პუტინმა.
მან ყირიმის ხიდზე თავდასხმას არა მხოლოდ სასტიკი, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც უაზრო უწოდა და აღნიშნა, რომ ხიდი დიდი ხანია, სამხედრო გადაზიდვებისთვის არ გამოიყენება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა, რომელიც ყირიმის საკითხებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ ხიდის ერთ-ერთი კამარა მთლიანად განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია, მეორე კი დაზიანებულია. საყრდენები თითქმის არ დაზიანებულა. მან პირობა დადო, რომ ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც გამაგრებას მოითხოვს, ორშაბათს შუაღამისას შეკეთდება, რის შემდეგაც სამგზავრო მანქანებისთვის, რევერსულ რეჟიმში ხიდზე საავტომობილო მოძრაობის დაწყება შესაძლებელი იქნება.
ასევე, მისივე თქმით, ამ მონაკვეთზე დაგეგმილია დროებითი დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის ხიდის აშენება. იმავდროულად, მანქანების მფლობელებს სთავაზობენ ალტერნატიულ მარშრუტს "ახალი რეგიონების" გავლით - მინისტრმა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის რეგიონები იგულისხმა.