პრორუსი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბენდი მოლდოვაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მომღერალი, რომელიც მუსიკოსებთან ერთად კიშინიოვში ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე ჩავიდა, აეროპორტიდან გააბრუნეს.
მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას ამ დროისთვის განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მუსიკოსის ქვეყანაში არ შეშვების სავარაუდო მიზეზი მისი პრორუსული შეხედულებებია.
"ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით, როცა კიშინიოვის აეროპორტში ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე არ შეგვიშვეს. ჩემს მუსიკოსებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში და არასდროს არსად მქონია სირთულეები... ძალიან ვწუხვარ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მოლდოვაში, ჩემს გამოსვლას მომავალ ჯერზე რაიმე დაბრკოლება არ შეექმნება", - განაცხადა ბრეგოვიჩმა.
2015 წელს ბრეგოვიჩმა ანექსირებულ ყირიმში გამართა კონცერტი, რის გამოც უკრაინაში დაგეგმილი მისი გამოსვლები გაუქმდა. მოგვიანებით, 2019 წელს ბრეგოვიჩი ყირიმში კიდევ ერთხელ ჩავიდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ბრეგოვიჩმა და მისმა მეგობარმა, რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააპროტესტეს.