ორშაბათს გამოქვეყნებული ProPublica-ს გამოძიების თანახმად, ბაჰამის კუნძულებზე გამართული ტრამპ უმცროსის ქორწილი რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლევმა, ვლადიმირ პუტინის ახლო თანამოაზრემ, დააფინანსა.

გამოძიების თანახმად, 48 წლის დონალდ ტრამპ უმცროსმა 2025 წლის მაისში ბაჰამის კუნძულებზე მოდელსა და საზოგადო მოღვაწე ბეტინა ანდერსონზე იქორწინა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცერემონიას არ დასწრებია.

ProPublica-ს ცნობით, ოლიგარქმა უმარ კრემლევმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) პრეზიდენტი, მდიდრულ ცერემონიასთან დაკავშირებული ასობით ათასი დოლარის ხარჯი დაფარა. კერძოდ, მან გადაიხადა სტუმრების განსათავსებლად კერძო კუნძულის დაქირავების და ფეიერვერკის მოწყობის ხარჯები.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზებაში კრემლევის გუნდიც იყო ჩართული, ხოლო ხარჯები დუბაიში დაფუძნებული IBA-სთან დაკავშირებული კომპანიის მიერ ანაზღაურდა.

გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, დონალდ ტრამპ უმცროსის წარმომადგენელმა ამ თანხების არსებობა არ უარყო და განაცხადა, რომ უმარ კრემლევი აშშ-ის პრეზიდენტის შვილის „პირადი მეგობარია“. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ შორის „საქმიანი ურთიერთობა“ არ არსებობს.

ამ დაფინანსების გამოვლენა, იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ხშირად ადანაშაულებენ საზღვარგარეთ ჩარევაში, კითხვებს ბადებს კრემლსა და ვაშინგტონს შორის კავშირების შესახებ.

„კრემლევის მსგავსი ოლიგარქები ხშირად რუსეთის მთავრობასთან შეთანხმებულად მოქმედებენ. ძნელი სათქმელია, ამ შემთხვევაშიც ასე თუ არა, მაგრამ ტრამპ უმცროსმა თავი მოწყვლად მდგომარეობაში ჩაიყენა“, - განუცხადა ProPublica-ს FBI-ის ყოფილმა კონტრდაზვერვის ოფიცერმა ფრენკ მონტოიამ.

კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, 43 წლის უმარ კრემლევმა, ქონება რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში - ტაქსების ბიზნესი,მშენებლობა, დაცვის სამსახური, სარესტორნო ბიზნესი - ინვესტიციებით დააგროვა.

უმარ კრემლევი ასევე ასოცირდება ორგანიზაციასთან სახელწოდებით „ჯანსაღი სამშობლო“, რომელიც უკრაინის სანქციების ქვეშაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი ბავშვების გატაცებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო.

მოამზადა რაულ კაპანაძემ