პრაღის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ჩეხეთის საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების სისტემის რეფორმირების შესახებ მთავრობის სადავო გეგმის გასაპროტესტებლად. აქციის ორგანიზატორი იყო ინიციატივა "მილიონი წამი დემოკრატიისთვის".
პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მემარჯვენე პოპულისტურ მთავრობას სურს, გააუქმოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახადი და ჩეხეთის ტელევიზიისა (ČT) და ჩეხეთის რადიოს (ČRo) დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტს დააკისროს. რეფორმა ასევე ითვალისწინებს დაფინანსების მკვეთრ შემცირებას - 15%-ზე მეტით. მომიტინგეები შიშობენ, რომ ცვლილებები საზოგადოებრივ მედიას ხელისუფლებაზე დამოკიდებულს გახდის, აღნიშნავს სააგენტო dpa.
კანონპროექტმა პირველი მოსმენა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში (ქვედა პალატაში) უკვე გაიარა. ახლა მას საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გააკრიტიკა ნაჩქარევი პროცედურა, რომლის დახმარებითაც მთავრობა პარლამენტში რეფორმის გატარებას ცდილობს. მისი თქმით, ღამით და დასვენების დღეებში კანონპროექტის განხილვა ძირს უთხრის "ინიციატორთა კეთილი ზრახვების რწმენას". თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა და მილიარდერმა ბაბიშმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ "არავინ აპირებს, ჩაერიოს პროგრამებსა თუ ახალი ამბების გაშუქებაში".
ბოლო დღეებში პრაღაში, ბრნოსა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში უკვე გაიმართა მსგავსი, თუმცა ნაკლებად მასშტაბური საპროტესტო აქციები.




