9 ნოემბერს, პოლონეთში "მსურველთა კოალიციის" პირველი ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყება. 11 ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, 2800-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მანევრებში, რომლებიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, - ნათქვამია საფრანგეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, გერმანია სწავლებაზე გაგზავნის ათამდე შტაბის ოფიცერს, საჰაერო-გამმართავ თვითმფრინავებსა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს. გარდა ამისა, იგი ლოგისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედროებისა და მარაგების გადასროლისას.

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე "მსურველთა კოალიციის" სწავლების მიზანია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების დამუშავება. ეს ქვეყნები მანევრებისთვის ყველაზე დიდ კონტინგენტს გამოყოფენ: საფრანგეთი - 1100 სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო დიდი ბრიტანეთი - 300-ს.

ავიაციისა და სახმელეთო ქვედანაყოფების მონაწილეობით სწავლება პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ნოვა-დემბას რაიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ას კილომეტრში გაიმართება.

ცალკეული ელემენტები ასევე დამუშავდება საფრანგეთში, პარიზში მდებარე უკრაინის მრავალეროვნული ძალების (Multinational Force Ukraine, MNF-U) შტაბში, ხოლო სწავლების საზღვაო კომპონენტი თურქეთის ხელმძღვანელობით სტამბოლიდან განხორციელდება, რაც შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და განაღმვითი ოპერაციების მოდელირებას გულისხმობს.

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის გარდა, მანევრებს შეუერთდებიან ბელგია, ესტონეთი, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი და თურქეთი. ამჟამად "მსურველთა კოალიციაში" 35-მდე სახელმწიფო შედის.