პოლონეთში ასწლოვანთა რიცხვი და მათზე სახელმწიფო ზრუნვა იზრდება.

სოციალური დაზღვევის ინსტიტუტის (ZUS-ის) მონაცემებით, სპეციალურ პენსიის - „საპატიო უზრუნველყოფა" (świadczenie honorowe) - მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა 4 262 გახდა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის დეკემბრის შემდეგ 257-ით გაიზარდა.

2026 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური დანამატის ოდენობა 6 939 პოლონურ ზლოტს შეადგენს, რაც დაახლოებით 4 857 ლარია. თანხა ფიქსირებული არაა და ყოველწლიურად, მარტში იზრდება ინფლაციისა და პენსიების ზრდის ტემპის შესაბამისად.

ასწლოვანთათვის დანამატის გაცემის პრაქტიკა პოლონეთში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. თუმცა 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელმაც ეს პროცესი ოფიციალურად დაარეგულირა. 100 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს „საპატიო უზრუნველყოფის" პარალელურად სრულად უნარჩუნდებათ სტანდარტული სახელმწიფო პენსიაც.

ცნობისთვის, საქართველოში 100 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებზე ყოველთვიური სპეციალური პენსია არ გაიცემა. ისინი იღებენ სტანდარტულ ასაკობრივ პენსიას. თუმცა მუნიციპალიტეტები გასცემენ ერთჯერად დახმარებას.

თბილისში, 2025 წლის იანვრიდან, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარება 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის ნოემბრის აღწერის მიხედვით, საქართველოში 100 წლის და მეტი ასაკის 241 მოქალაქე ცხოვრობს.