პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ ინფორმაციას "Европейская правда" ავრცელებს.

NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა 443-მა დეპუტატმა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, შვიდმა - თავი შეიკავა.  

რეზოლუციას მხარი დაუჭირა პოლონეთის სეიმის ყველა ფრაქციამ, მათი განცხადებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანება გააძლიერებს ალიანსს და პოლონეთის ინტერესებს დაიცავს. რეზოლუციის წინააღმდეგი იყო მხოლოდ პრორუსული „კონფედერაცია“, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასეთმა პოზიციამ „შესაძლოა, პოლონეთი მსოფლიო კონფლიქტში ჩაითრიოს“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს - საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ დემოკრატიას და წესრიგს.

„ვითვალისწინებთ რა უკრაინელი ხალხის მსხვერპლს და მის სუვერენულ უფლებას აირჩიოს თავისი განვითარების გზა, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია სულ უფრო თავსებადი ხდება NATO-ს ძალებთან და იღებს გამოცდილებას ბრძოლის ველზე.

„ამიტომ სამხედრო თვალსაზრისით NATO-ში უკრაინის გაწევრიანება ალიანსისთვისაც სასარგებლო იქნება“, - ნათქვამია რეზოლუციაში.