აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მრჩევლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, შესაძლოა, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი სერიოზული მონაწილე იყოს - ეს შეფასება ეფუძნება მის გონივრულ მოქმედებებს საგარეო კონფლიქტების მართვაში და უნარს, თავიდან აიცილოს პოლიტიკური „ნაღმები“. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ეს საკმაოდ მოულოდნელი ცვლილებაა იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ადრე აკრიტიკებდნენ, როგორც ზედმეტად მკაცრი საგარეო პოლიტიკის მქონე ადამიანს, “ისთებლიშმენტის” წარმომადგენელს და 2016 წლის წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიით დაზარალებულს. თითქოსდა მას „რესპუბლიკურ“ პარტიაში ადგილი ჰქონდა დაკარგული. თუმცა მისმა როლმა ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს ჩამოშორებაში და ტრამპისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მისი პოზიციები როგორც თეთრ სახლში, ასევე მოძრაობა MAGA-ს ამომრჩევლებში.

მარკო რუბიო ამბობს, რომ ის არ დაუპირისპირდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, რომელიც აგრეთვე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება.

როგორც POLITICO წერს, ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებს თუ არა რუბიოს “გადასვლა” MAGA-ს პოლიტიკაში ტრამპის მხარდამჭერთა უმრავლესობის ხმების მოპოვებას. ამ ეტაპზე, პრეზიდენტის შიდა წრეში მისი მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ „ტრამპიზმის“ მიღება თავად არის მისი ძლიერი მხარე. ტრამპს მოსწონს თავის მხარეს გადასული ადამიანები.

„ჯეი დი ვენსი შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო მარკო რუბიო - ძალიან კარგი სახელმწიფო მდივანი”, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა ალექს ბრუზევიცმა. მისი თქმით, 2016 წლის შემდეგ რუბიოს შეეძლო ორი გზა აერჩია: ან გაჰყოლოდა ჯონ კეისიჩის გზას და ტრამპის კრიტიკაში ჩაფლულიყო, ან მიეღო MAGA. მან მეორე გზა აირჩია.

ბრუზევიცის თქმით, რუბიო გახდა MAGA-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე და დამცველი. თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღწერა რუბიო, როგორც „ერთგული, ძალიან ჭკვიანი, გამართულად მოსაუბრე და გამოცდილი“ და დაამატა, რომ ის „გამარჯვებულია”.

ტრამპს ჯერ არ დაუჭერია მხარი კონკრეტული მემკვიდრისთვის, თუმცა მისი აზრი შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

თუ რუბიო გადაწყვეტს კენჭისყრას ვენსის ან სხვების წინააღმდეგ, მას მოუწევს რთული გზის გავლა - კაბინეტის წევრობიდან საარჩევნო კანდიდატობამდე, რაც ბოლო წლებში ბევრ პოპულარულ პოლიტიკოსსაც გაუჭირდა.

ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რუბიოს მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა: CPAC-ის არაოფიციალურ გამოკითხვაში მან 35% მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება, მაშინ როცა ვენსი 53%-ით კვლავ ლიდერია, თუმცა მისი მხარდაჭერა შემცირებულია.