საფარქვეშ მომუშავე ორი რუსი დიპლომატი კვიპროსიდან რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვის გამო გააძევეს. ამის შესახებ Politico-მ ორ კვიპროსელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

Politico-ს თანამოსაუბრეების თქმით, კვიპროსის სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს ქსელი, რომელიც კვიპროსისა და ევროკავშირის უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. ქსელის წევრები ასევე ცდილობდნენ წვდომის მოპოვებას იმ ტექნოლოგიების შესახებ ცნობებზე, რომელთა გადაცემაც რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციებით არის აკრძალული.

დიპლომატებმა კვიპროსი გასულ კვირას დატოვეს კვიპროსის სპეცსამსახურების მოთხოვნით, რომლებმაც მათი ჯაშუშური საქმიანობის სრული სურათი მოიპოვეს.

ANT1-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის აგენტები კვიპროსის სპეცსამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. უწყებამ გამოავლინა მათი კონტაქტები კვიპროსის მოქალაქეებთან, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, კონფიდენციალურ ცნობებზე ჰქონდათ წვდომა. ჯაშუშობა, კერძოდ, იმ ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, როდესაც კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობდა.

როგორც გამოცემა The Insider-მა შენიშნა, ოქტომბერში რუსეთის დიპმისიის შემადგენლობაში, ელჩთან ერთად, 36 დიპლომატი ირიცხებოდა, ნოემბერში კი — 34. კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიიდან ორი ატაშე — ნიკიტა სერგეევი და ალექსანდრ შევცოვი გაქრა.