აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა გაერთიანებული შტაბების უფროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის რეჟიმს "გონივრული არჩევანის" გაკეთებისკენ მოუწოდა და დაიმუქრა, რომ "თუ ირანი ცუდ არჩევანს გააკეთებს, ბლოკადასთან ერთად დაიწყება მათი ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვაც".
"ეს ბლოკადა თავაზიანი გზაა, რითაც ამის გაკეთება შეიძლება – თქვენი ენერგორესურსები უძრავადაა, არც იმოძრავებს და ამის გაკეთება ყოველთვის შეგვიძლია. თქვენი ენერგოინდუსტრია ჯერ არ არის განადგურებული. ირანში თქვენ ამბობთ, რომ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებთ, მაგრამ თქვენ არ გყავთ საზღვაო ძალები და არც – რეალური დომენის ცნობადობა. თქვენ არაფრის გაკონტროლება არ შეგიძლიათ." – მიმართა ჰეგსეთმა თეირანს.
მისი თქმით, საერთაშორისო წყლებში კანონიერად მცურავ კომერციულ გემებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის მუქარა "მეკობრეობა და ტერორიზმია," და არა – კონტროლი.
"სრუტეში მიმოსვლას აშშ-ს საზღვაო ძალები აკონტროლებს, რადგან ჩვენ რეალური რესურსები და შესაძლებლობები გაგვაჩნია და ამ ბლოკადას ჩვენ ამერიკის საზღვაო ძალის 10%-ზე ნაკლებით ვახორციელებთ. მათემატიკა ცალსახაა, ჩვენ მსოფლიოს უძლიერესი საზღვაო ძალების 10%-ს ვიყენებთ და თქვენ საზღვაო ძალების 0% გაქვთ. ეს არის რეალური კონტროლი და მეკობრეებთან და ტერორისტებთან გამკლავების დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს." - დაამატა აშშ-ს ომის მინისტრმა.
პრესკონფერენციაზე ჰეგსეთმა ირანის რეჟიმისადმი მიმართვისას "ალტერნატივაზეც" ისაუბრა და განაცხადა, რომ "ირანს წარმატებული მომავლის" არჩევა შეუძლია: "იმედი გვაქვს, რომ ირანელი ხალხისთვის ამას გააკეთებთ."
"მაგრამ თუ ირანი ცუდ არჩევანს გააკეთებს, მათ წინააღმდეგ ბლოკადასთან ერთად დაიწყება ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვაც. ამავდროულად, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სახაზინო დეპარტამენტში ჩვენი მეგობრები ოპერაცია ეკონომიკურ რისხვას იწყებენ, რითაც ეკონომიკური წნეხი მთავრობის დონეზე მაქსიმალურად გაიზრდება. ირანს მივმართავ: გონივრული არჩევანი გააკეთეთ." - განაცხადა ჰეგსეთმა.







