გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა — იმის მიუხედავადაც კი, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მომხრეთა რიცხვი იზრდება. ამის შესახებ DW-ს კითხვაზე პასუხისას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
Welt am Sonntag-ის დაკვეთით სოციოლოგიური ინსტიტუტის, YouGov-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ან სრულ შეწყვეტას ემხრობა.
"ყველა ადამიანი — პირველ რიგში, ეს უკრაინის მოსახლეობას ეხება, თუმცა ასევე ყველა დანარჩენსაც — ამ ომთან დაკავშირებით გარკვეულ დაღლილობას გრძნობს. ის იწელება, მოითხოვს ხარჯებს, იწვევს შეშფოთებას და სამივე ამ ასპექტს გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში რუსული პროპაგანდა მასიურად აძლიერებს", — განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ხალისით იმეორებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნარატივს, თითქოს საუბარია ომის გაღვივებაზე, რომ "ომში გვითრევენ და რომ ეს ჩვენი ომი არ არის".




