უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო აცხადებს, რომ უკრაინა უნგრეთსა და სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, რომ "დრუჟბას" ნავთობსადენის მუშაობა არ აღდგეს.

 "უკრაინა პოლიტიკურად გვაშანტაჟებს ჩვენ და სლოვაკებს. არ არსებობს არანაირი ტექნიკური, საინჟინრო ან ფიზიკური მიზეზი იმისა, რომ ნავთობის ტრანსპორტირება "დრუჟბას" მილსადენით არ განახლდეს. ამას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს. უკრაინელებს სურთ, რომ არჩევნებზე 1000 ფორინტი ბენზინის ფასით მივიდეთ და ამით პარტია "ტისას" დავეხმაროთ, თუმცა სულელები არ ვართ!"- წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

სიარტომ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა "თავს დაიცავს". უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობისა და საწვავის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.

"თუ უკრაინელები ჩარევას გააგრძელებენ, მზად ვიქნებით ახალი ერთობლივი საპასუხო ზომებისთვის", - წერს სიარტო და თავის სლოვაკ კოლეგასთან, იურაი ბლანართან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.