აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, ტელეკომპანია ABC News თავის ვებგვერდზე იუწყება, რომ პენტაგონის მონაცემთა ბაზის ჰაკერული თავდასხმის შედეგად თითქმის 3 მილიონი სამხედრო მოსამსახურის შესახებ ინფორმაცია გამჟღავნდა. მათ შორის გაჟონა სოციალური უზრუნველყოფის ნომრებმა და დაკავებული თანამდებობების შესახებ მონაცემებმა. მანამდე ამ კიბერშეტევის შესახებ ონლაინ გამოცემა Military Times წერდა.
განმარტებულია, რომ ჰაკერულმა თავდასხმამ 2.76 მილიონი ცოცხალი ადამიანი და კიდევ 294,000 გარდაცვლილი მოიცვა. "გაჟონვის მასშტაბმა და გამჟღავნებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის ხარისხმა შესაძლოა, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ფაილები შეიცავდა ცნობებს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მიერ დაკავებული თანამდებობების შესახებ", — გადასცემს ABC News თავისი წყაროს შეფასებას.
"2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ივლისამდე პერიოდში, უცხო მომხმარებელთა მცირე ჯგუფმა არასანქცირებული წვდომა მიიღო პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კადრების მონაცემთა ცენტრში (DMDC) ინახებოდა. როგორც კი ეს აღმოაჩინეს, DMDC-მ უსაფრთხოების ხარვეზი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა", — განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
აღინიშნება, რომ კადრების მონაცემთა ცენტრი პენტაგონის ერთ-ერთი ძირითადი მონაცემთა ბაზაა, სადაც ინახება დოკუმენტები მოქმედი და რეზერვისტ სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო თანამშრომლების, კონტრაქტორების, პენსიონერების, ვეტერანებისა და სამხედროთა ოჯახის წევრების შესახებ.
პენტაგონის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ მოპარული მონაცემები ბოროტად გამოიყენეს.
მანამდე, 23 სექტემბერს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა ვაკანსიების ვებგვერდზე სავარაუდო კიბერშეტევის შესახებ. თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა მაშინ თავდამსხმელების ქმედებებით, ჯერჯერობით უცნობია.




