საფრანგეთში ახალგაზრდული ამბოხი ახალ ფაზაში შედის. სამშაბათს გამართული მძლავრი აქციების შემდეგ, სადაც განათლების დაფინანსების მკვეთრი გაზრდა მოითხოვეს, უფროსკლასელები და სტუდენტები დღეს ქვეყნის მასშტაბით ახალ საპროტესტო ტალღას იწყებენ.  

ვითარების განმუხტვა ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებამ. მისი დაპირება, რომ გადაწყვეტილებებს თვის ბოლოს გამოაცხადებს, მომიტინგეებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. საფრანგეთის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ დილის მონაცემებით, სკოლების 94% ღიაა, თუმცა პროტესტის პიკს შუადღიდან ელოდებიან.  

„ბლოკადა დილიდანვე“ - რა გეგმა აქვს პროტესტს?

სტუდენტურმა და მოსწავლეთა გაერთიანებებმა სამოქმედო გეგმა უკვე გაასაჯაროეს:  

 დილიდან: იწყება ლიცეუმებისა და საუნივერსიტეტო კამპუსების ბლოკირება.  

 12:00 – 14:00: აქციების ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის პრეფექტურებთან გადაინაცვლებს.  

 15:00: მომიტინგეთა მთავარი ნაკადი პარიზში, ბასტილიის მოედანზე გადაინაცვლებს.  

სტუდენტურ ამბოხს უერთდებიან პედაგოგებიც. განათლების სექტორის უმსხვილესმა პროფკავშირებმა (Snes-FSU, CGT, FO, Sud) სრული გაფიცვისა და მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდეს.  

მოსწავლეთა გაერთიანების (USL) ლიდერის, რიად რანის თქმით, ახალგაზრდებს კონკრეტული გათვლები აქვთ და პრემიერ-მინისტრთან სასწრაფო შეხვედრას მოითხოვენ.