ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.
საფრანგეთის დედაქალაქში დაახლოებით 700 კლიმატაქტივისტი შეეცადა ჩაეშალა ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანია Totalenergies-ის აქციონერთა ყოველწლიური საერთო კრება.
ფობურ სენ-ონორეს ქუჩაზე მდებარე „პლეიელის დარბაზის" შესასვლელების წინ მსხდომი დემონსტრანტები აქციონერებს შენობაში შესვლაში უშლიდნენ ხელს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე დემონსტრანტი დააპატიმრა. აქციონერებმა შეძლეს შენობაში შესვლა და კრების ჩატარება, დემონსტრაცია კი კიდევ მცირე ხნით გაგრძელდა და დაიშალა.
TotalEnergies-ის აქციონერებმა ხმების 88,76%-ით დაუჭირეს მხარი კლიმატსტრატეგიას, რომლის წინააღმდეგაც უახლოეს პერიოდში წიაღისეული საწვავის მოხმარების მკვეთრი შემცირების და მასზე სრული უარის თქმის მოსურნე გარემოსდაცვითი ჯგუფები ილაშქრებენ.
TotalEnergies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა წუხილი გამოთქვა მომხდარი დაპირისპირების, აგრეთვე იმის გამო, რომ კრებაზე შესვლაშეზღუდული იყო და აქციონერებს და ჟურნალისტებს ჩამორთმეული ჰქონდათ მობილური ტელეფონები და თქვა რომ გმობს როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ ძალადობას. მან აღნიშნა, რომ ნავთობზე მოთხოვნა კვლავ იზრდება და თუ TotalEnergies უარს იტყვის მის მოპოვებაზე, მის ადგილს სხვები დაიკავებენ.
Totalenergies-ის მოგება 2022 წელს წინა წლის რეკორდულ მოგებასთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და 20,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზრდა, ძირითადად, კომპანიის მიერ თხევადი გაზის გაყიდვების მატებამ განაპირობა.
კრებამ დაამტკიცა TotalEnergies-ის აღმასრულებელ დირექტორ პატრიკ პუიანესთვის ხელფასის 10%-იანი ზრდა. bfmtv-ის ინფორმაციით, მისი წლიური ანაზღაურება ამჟამად 10 მილიონ ევროს აჭარბებს.