აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას პარიზის პარალიმპიური თამაშების პრიზიორი პარასპორტსმენების დაჯილდოების შესახებ. 

განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარასპორტსმენების და მათი მწვრთნელებისთვის პარიზში XVII ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე მათ მიერ მიღწეული მაღალი შედეგებისთვის ფულადი ჯილდოს ოდენობა ასე განისაზღვრა:

200 000 მანათი თითოეულ პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენს, 100 000 მანათი კი თითოეულის მწვრთნელს;

მეორე ადგილზე გასულ თითოეულ სპორტსმენს 100 000 მანათი, თითოეულის მწვრთნელს კი 50 000 მანათი;

50 000 მანათი თითოეულ სპორტსმენს, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, 25 000 მანათი თითოეულის მწვრთნელს.

ილჰამ ალიევის მიერ პარიზის პარალიმპიური თამაშების პრიზიორებისა და მათი მწვრთნელებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს ოდენობა ზუსტად ორჯერ ნაკლებია, ვიდრე პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორებისა და მათი მწვრთნელებისთვის იყო დაწესებული.

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე აზერბაიჯანმა 4 ოქროს 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 28-ე იყო. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, პარიზის პარალიმპიური თამაშების პრიზიორი პარასპორტსმენები და მათი მწვრთნელები 2,5 მილიონ მანათს (1,475 მილიონი დოლარი) მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს მთავრობამ მათთვის ზუსტად ისეთი ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა, როგორიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორებისთვის ჰქონდა დაწესებული. პარიზის პარალიმპიური თამაშების პრიზიორი ქართველი პარასპორტსმენები ფულადი ჯილდოს სახით 4 მილიონ ლარს (1,480 მილიონი დოლარი) მიიღებენ