პაკისტანში ცეცხლის შვიდი დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კურამის რაიონში ძალადობის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
"21, 22 და 23 ნოემბრის შეტაკებებისა და კოლონებზე თავდასხმების შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა და 156 დაშავდა", – განაცხადა ანონიმურობის დაცვით ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
გარდაცვლილთაგან 16 – სუნიტი, ხოლო 66 შიიტური თემის წარმომადგენელი იყო.
დაპირისპირება ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შიიტი მუსლიმების კოლონებს, რომლებიც პოლიციის თანხლებით მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რასაც შემდგომში საპასუხო თავდასხმები მოჰყვა.
შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის ტომობრივი და სექტანტური დაპირისპირება მიწების თაობაზე დავის გამო ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. ასობით მცხოვრებმა დატოვა ტერიტორია პარასკევსა და შაბათს ძალადობის ესკალაციის გამო.