გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ბუნდესტაგში ილაპარაკა. კანცლერი უკრაინას კვლავინებურად ჰპირდება გრძელვადიან სამხედრო დახმარებას, თუმცა ის ამ ეტაპზე გამორიცხავს, რომ უკრაინა ახლო მომავალში NATO-ს წევრი გახდეს.

"არსებულ სიტუაცია ჯანსაღად უნდა შევაფასოთ", თქვა კანცლერმა და დასძინა, რომ უკრაინის მთავრობა თავადვე აღიარებს, რომ ქვეყანა ომის დასრულებამდე NATO-ში ვერ შევა.

"ამდენად, გთავაზობთ, ვილნიუსის სამიტზე ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე, კერძოდ კი უკრაინის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაზე", - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე.

გერმანიის კანცლერის თანახმად, გერმანია სხვა დასავლელ პარნტიორებთან ერთად მუშაობს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების შესამუშავებლად:

"ჩვენი ამოცანაა უკრაინის მდგრადი სამხედრო დახმარება, თანამედროვე დასავლური შეიარაღების ჩათვლით და უკრაინის ეკონომიკური მედეგობის გაძლიერება, სანამ რუსული აგრესიისაგან უწევს თავის დაცვა".

ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება, სადაც მოკავშირეები უკრაინის შემდგომ დახმარებაზე იმსჯელებენ.