ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის მედია ავრცელებს.

ნორვეგიის ქალაქ ჰადსელთან ახლოს, ავტობუსი, რომელშიც არანაკლებ 8 ქვეყნის 58 მგზავრი (ტურისტი) იმყოფებოდა, მოსახვევში მოცურდა, გზის დამცავი ჯებირი გაანგრია და ნაწილობრივ აღმოჩნდა ტბაში.

ავტობუსთან სწრაფად გაჩნდნენ ტრასაზე მოძრავი ავტომობილის მძღოლები და ისინი მგზავრებს ნაწილობრივ ტბაში გადაწოლილი ავტობუსის ფანჯრებიდან ხმელეთზე გადმოსვლაში დაეხმარნენ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 მგზავრი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა. მგზავრების უმეტესი ნაწილი გარკვეული დრო წყალში იმყოფებოდა და დასველდა. ზოგიერთ მათგანს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ზუსტი ინფორმაცია მგზავრი ტურისტების წარმომავლობის შესახებ პოლიციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მედიის ცნობით ავტობუსში არანაკლებ 8 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

განახლება 21:40 საათი 27.12
დაზუსტებული მონაცემებით, ავტობუსის მგზავრებს შორის იყვნენ ჩინეთის, სინგაპურის, ინდოეთის, მალაიზიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, სამხრეთ სუდანის და ნორვეგიის მოქალაქეები. ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ ავტობუსში მყოფი ჩინეთის ოცივე  მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში მოხვედრილი 11 მგზავრიდან არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნორვეგიული მედიის ცნობით, ავტობუსს ტურისტები ლოფოტენის არხიპელაგისკენ, ჩრდილოეთის ნათებაზე დასაკვირებელი პოპულარული ადგილისკენ გადაჰყავდა.