ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერში“ ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ხვდებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრიდან ხუთი წელი გავიდა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს უკრაინაში ომის დასრულებას და პუტინის ვერმოგებასთან დაკავშირებით. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მინდა თქვენთან განვიხილო გამარჯვების გეგმის დეტალები“, – განუცხადა ზელენსკიმ ტრამპს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ამერიკელი ხალხი წყვეტს, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.
„სწორედ ამიტომ, მე გადავწყვიტე ორივე კანდიდატთან შეხვედრა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ტრამპის თქმით, მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და იმედი აქვს, რომ სწრაფად მიიღებენ რაიმე სახის გადაწყვეტილებას. ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ, მისი აზრით, ტრამპთან თავად უფრო კარგი ურთიერთობა აქვს.
„ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“, – უპასუხა ტრამპმა ზელენსკის.
დონალდ ტრამპმის თქმით, იგი ეცდება, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად ორივე მხარესთან იმუშაოს.
„ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის. მსგავსი საშინელი სიტუაცია არასდროს მინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი