ისრაელის მთავრობისა და აშშ-ს ორი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის უახლოეს საათებში ემზადება.
ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
ისრაელის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-ს მთავრობამ ირანისგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გადასცა.
ისრაელის სამი ოფიციალური პირის თქმით, თავდასხმა მოიცავს ისრაელის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებას. აშშ-ს ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ გამოყენებული იქნება ბალისტიკური რაკეტებიც.
ისრაელის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის თავდასხმის სამიზნე იქნება სამი სამხედრო-საჰაერო ბაზა, ასევე დაზვერვის შტაბ-ბინა თელ ავივის ჩრდილოეთით, რომელიც დღეს საღამოს დაცალეს.
ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით მასობრივი შეტევა ბოლოს აპრილში განახორციელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის ავიაიერიშის შედეგად სირიაში მყოფი რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსანი დაიღუპა.
ისრაელს ირანის შეტევის მოგერიებაში მაშინ მოკავშირე ქვეყნები, მათ შორის აშშ-ი დაეხმარა.
მაშინ რაკეტებისა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს, ისრაელის ინფრასტრუქტურას მცირე ზიანი მიადგა.
თარგმანი: პირველი არხი