რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუმინეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი, სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის მეხუთე წელში შევედით. ეს ომი დაიწყო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ქვეყანამ, რომელსაც გაერო-ს მთელი საზოგადოება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პასუხისმგებლობას ანდობს. მან შეგნებულად უარყო თავისი ფუნდამენტური ვალდებულება. როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელსაც უკრაინასთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს, რუმინეთმა ამ ომის შედეგები პირდაპირ იგრძნო, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცის არაერთგზის დარღვევის გამო. რამდენიმე თვის წინ დრონი ჩვენს ტერიტორიაზე საცხოვრებელ შენობას დაეცა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა მსგავსი ინციდენტების მიმდინარე სერიიდან. ადრეც ვთქვით და კვლავ გავიმეორებთ: რუმინეთი მხარს დაუჭერს უკრაინასა და მის ხალხს, ვიდრე ისინი თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას იყენებენ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.

„რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხე მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. ევროპა ჰიბრიდული ომის სამიზნეა. ეს ომი მოიცავს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიებს, საბოტაჟსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხებას. მათი მიზანია, შეარყიონ მოქალაქეების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და შეამცირონ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე უნდა შევაკავოთ და, სამწუხაროდ, ამის გაკეთება მხოლოდ სამხედრო ხარჯების გაზრდით შეგვიძლია“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.

ამასთან, რუმინეთის პრეზიდენტმა ისაუბრა სოციალური ქსელების მეშვეობით დემოკრატიებზე გავლენის მოხდენის საფრთხეზე.

„მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ჩვენი დემოკრატიებისთვის არსებულ საფრთხეზე, რომელსაც, ჩემი აზრით, სათანადო ყურადღება არ ეთმობა – ეს არის სოციალური ქსელების მეშვეობით მანიპულირება. დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია: ერთი ადამიანი, ერთი ხმა, ერთი არჩევანი. თუმცა, ათასობით ყალბი ანგარიში თუ კოორდინირებულად მოქმედებს, ინდივიდუალური ხმა აღარ ისმის და სიტყვის თავისუფლება ირღვევა. ათასობით ყალბი ანგარიში კოორდინირებულად თუ უპირისპირდება კონკრეტული ადამიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, ისინი სხვებსაც ხელს უშლიან, შეუერთდნენ ამ ადამიანის ინიციატივას და ამგვარად ირღვევა გაერთიანების თავისუფლებაც. გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა აუცილებელია და ეს ვალდებულებები აბსტრაქტული არ არის“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.