უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ევროპეისკა პრავდას“ განუცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მონაწილეა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.