საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის აზრით, საფრანგეთი მემარჯვენე ქვეყანაა და მას მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი სჭირდება.
გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში სარკოზიმ, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, განაცხადა, რომ ამ ზაფხულს საფრანგეთში გამართულმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა და ასევე ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ „საფრანგეთი ისეთი მემარჯვენეა, როგორც არასდროს“.
ამავე ინტერვიუში სარკოზიმ მოუწოდა მის მიერ დაფუძნებულ კონსერვატიულ პარტიას, „რესპუბლიკელებს“, იმუშაონ მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის დანიშვნისთვის.
„საფრანგეთი მემარჯვენეა, შესაძლოა, იმდენად მემარჯვენე, როგორიც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა სარკოზიმ პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ამასთან ერთად საფრანგეთი პოლიტიკურ, სოციალურ და ფინანსურ კრიზისებს განიცდის.
სარკოზიმ ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავიდნენ.
„იდეალური გამოსავალი არ არსებობს. მმართველმა პოლიტიკურმა ძალებმა ეს უნდა გაიგონ“, – განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
საფრანგეთი თითქმის ორი თვეა, ახალი მთავრობის გარეშეა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ივნისში მოულოდნელად რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელმაც ქაოსური შედეგი გამოიღო. უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატები ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა.