ასეთი განცხადება მოსკოვში სამუშაო ვიზიტით დღეს ჩასულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი სხვა პარტნიორებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს უფრო ხელსაყრელი ვარიანტის მოსაძებნად.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას პაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში კვლავ მნიშვნელოვან და ტრადიციულ სფეროდ რჩება.
„ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ვთანამშრომლობთ და გვაქვს ძალიან ტრადიციული, ძლიერი კავშირები და თანამშრომლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ახალ ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში.
პაშინიანი შეეხო ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას რუსეთის ფედერაციასთან“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ღია და მრავალმხრივ ფორმატში მოქმედებს.
„ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ, რადგან არ ვმალავთ იმ ფაქტს, რომ ამ საკითხებს არა მხოლოდ ჩვენს რუს პარტნიორებთან, არამედ სხვა პარტნიორებთანაც განვიხილავთ, რადგან ვეძებთ ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებას სომხეთის რესპუბლიკისთვის“, - თქვა პაშინიანმა.




