ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანის 400 კილოგრამის ოდენობის 60%-მდე გამდიდრებული ურანის შესახებ "საინტერესო სადაზვერვო ინფორმაცია" აქვთ, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთადერთი კომპონენტი არ არის. საკმარისი კომპონენტი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამის შესახებ საინტერესო სადაზვერვო ინფორმაცია გვაქვს, რომელსაც თუ არ გაგიზიარებთ, მომიტევებთ". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, რადგან თეირანმა ისრაელის მიერ 2024 წლის სექტემბერში ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მოკვლის შემდეგ ბირთვული შეიარაღების პროგრამაზე მუშაობა დააჩქარა.
გარდა ამისა, ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ისრაელი "ძალიან ახლოს" არის ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის საფრთხის აღმოფხვრასთან.
"ჩვენს ქმედებებს არ გავაგრძელებთ იმის მიღმა, რაც მათ მისაღწევად საჭიროა, თუმცა არც ნაადრევად შევჩერდებით. როდესაც ამოცანები მიღწეული იქნება, მაშინ ოპერაცია დასრულებული იქნება და ბრძოლა შეწყდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს და ეს ოპერაცია სწორედ ამიტომ დავიწყეთ, რათა ჩვენი არსებობის წინაშე არსებული ორი კონკრეტული საფრთხე აღმოვფხვრათ: ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე. ამ მიზნების მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ ვმოქმედებთ. მათ მიღწევასთან ძალიან, ძალიან ახლოს ვართ.
ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ისრაელის გადმოსახედი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გააცნო და მან "ეს ძალიან კარგად გაიგო".
"ვუთხარი ჩვენი მხრიდან ქმედების საჭიროებაზე და მან ეს ძალიან კარგად გაიგო. ვიცოდი, რომ როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, სწორ ნაბიჯს გადადგამდა. ამერიკისთვის სწორ ნაბიჯს გადადგამდა. თავისუფალი სამყაროსთვის სწორ ნაბიჯს გადადგამდა. ცივილიზაციისთვის სწორ ნაბიჯს გადადგამდა". - თქვა ნეთანიაჰუმ.