ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, პენტაგონი ევროპიდან ამერიკული კონტინგენტის თითქმის მესამედის გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ტელეკომპანიის ცნობით, რომელიც შვიდ მოქმედ და ყოფილ ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ევროპა, შესაძლოა, 25 000-მა ან უფრო მეტმა ამერიკელმა სამხედრომ დატოვოს.

ჟურნალისტების ორმა წყარომ აღნიშნა, რომ შემცირება, შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბური იყოს — 40 000-მდე სამხედრომდე, რაც ევროპაში ამერიკული კონტინგენტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

სავარაუდოდ, კონტინგენტის შემცირება შეეხება გერმანიას, იტალიასა და ესპანეთს, — აღნიშნა სამმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა, ასევე კიდევ ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა. სწორედ ამ სამ ქვეყანაშია ბაზირებული ევროპაში ამერიკული ჯარების ძირითადი ნაწილი, თანაც მათი ლიდერები, ირანთან ომის გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონფლიქტში შევიდნენ.

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის რადიკალური შემცირების გეგმა ასევე ითვალისწინებს ავიაციის, ხომალდებისა და შეიარაღების გაყვანას. თუ ეს განზრახვები განხორციელდება, ეს იქნება ევროპაში 80 000-იანი ამერიკული სამხედრო ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება ცივი ომის დასრულების შემდეგ.

ამასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა, აღნიშნავს ტელეკომპანია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკსა და ორ სხვა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.