ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის დივერსიულ კამპანიას თავისი მიზნისთვის - უკრაინის დახმარებაზე უარის თქმისთვის - არ მიუღწევია, — განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპაში NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ალექსუს გრინკევიჩმა.

ამასთან, მისი თქმით, დივერსიები სულ უფრო "თავხედური" ხდება. კერძოდ, გრინკევიჩმა გაახსენა დამსწრეებს აგვისტოს დასაწყისში ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენისა და სექტემბრის შუა რიცხვებში რუსული ფრეგატის მიერ დანიური ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტების გაშვების შესახებ.

"ეს არის შიშის დათესვისა და უკრაინისადმი ჩვენი ერთიანი მხარდაჭერის შერყევის მცდელობების აშკარა მაგალითები. ეს არ მუშაობს", — განაცხადა მან და მიუთითა ინციდენტის შემდეგ კოპენჰაგენის მიერ კიევისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე. "თუ თქვენი ქვეყანა ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი გახდება, უკრაინის მხარდაჭერის გადაწყვეტილების განმტკიცება რუსებს აჩვენებს, რომ მათ სტრატეგიას შედეგი არ მოაქვს და, შესაძლოა, აიძულოს ისინი, უარი თქვან მასზე", — დასძინა გრინკევიჩმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას.

ევროპაში NATO-ს ძალების მთავარსარდლის აზრით, რუსული მხარის მიერ განხორციელებულ დივერსიებსა და სხვა დესტაბილიზაციურ ქმედებებზე საუკეთესო შესაძლო რეაქცია მოსკოვის პირდაპირი დადანაშაულება და კიევის მხარდაჭერის გაძლიერებაა.

"ამ ინფორმაციის გასაჯაროება სპონსორ სახელმწიფოებს გააგებინებს, რომ ჩვენ ვიცით მათ ქმედებებზე და მათთვის ასეთი ოპერაციების ფასს გაზრდის", — განაცხადა გრინკევიჩმა. მისი თქმით, პირდაპირი ბრალდებების შემდეგ ასეთი სახელმწიფოები "მიხვდებიან, რომ მათი ქსელები არაეფექტურია და რომ მათ ქცევის შეცვლა სჭირდებათ", ეს კი "თავისთავად ახდენს გარკვეულ შემაკავებელ ეფექტს".

გრინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციამ "აღმოსავლეთის გუშაგი" (Eastern Sentry), რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან დანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მონაწილეობით ტარდება, უკვე დადებითი გავლენა იქონია ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრების უსაფრთხოებაზე. "მას შემდეგ, რაც ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგი" დავიწყეთ, რუსული მხარე ბევრად უფრო ფრთხილი გახდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის საზღვრების დრონებით გადაკვეთის საკითხში", — განაცხადა მან.