NATO-ს სამხედრო სარდლობა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის სწრაფი მოგერიების გეგმას შეიმუშავებს. ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრადიციულ სამხედრო პოტენციალში ახალი თავდაცვითი ტექნოლოგიების, კერძოდ კი, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციას, - წერს ორშაბათს სააგენტო Bloomberg დოკუმენტის ("გამარჯვების თეორია") არასაიდუმლო ვერსიაზე, ასევე მაღალჩინოსნებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს სახმელეთო ჯარების სხვა ძალებსა და საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებას აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების ინიციატივის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს დაბალბიუჯეტიანი დრონების, ეკიპაჟის მინიმალური ჩართულობის მქონე სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიზნის განადგურების ტექნოლოგიების გამოყენებას. მანევრირების თავისუფლების უზრუნველყოფის შემდეგ, NATO შეეცდება, გაანადგუროს რუსეთის შეიარაღებული ძალების მართვის სისტემა, რათა სწრაფად და გადამწყვეტად ჩაახშოს მათი შეტევა, - დასძენს Bloomberg.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გეგმას 12 ოქტომბერს, პოლონეთში, ევროპაში NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი წარადგენს, - აღნიშნავს სააგენტო.
სააგენტოს წყაროების ცნობით, შემუშავების პროცესში მყოფმა სტრატეგიამ, სხვა საკითხებთან ერთად, მოკავშირეებს უნდა აჩვენოს, თუ როგორ დააკავშირებს NATO ტრადიციულ შეიარაღებას იმ ახალ შესაძლებლობებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. გარდა ამისა, აღნიშნულმა გეგმამ ალიანსის წევრი ქვეყნები უნდა წაახალისოს, რომ მეტი ინვესტიცია ჩადონ თავდაცვაში და უკეთ მოემზადონ შესაძლო საფრთხეებისთვის.
მზადების პროცესში მყოფი სტრატეგია ხაზს უსვამს NATO-ს თავდაცვით ხასიათს და უნებლიე პროვოკაციების თავიდან აცილების აუცილებლობას. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია შეკავების პოლიტიკის ფარგლებში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ერთობლივი გამკლავების საჭიროება. მზადყოფნის დემონსტრირებით, NATO ცდილობს, დაარწმუნოს მოწინააღმდეგე, რომ ის გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს, - ნათქვამია დოკუმენტში.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ, მანამდე განაცხადა, რომ არ არსებობს ალიანსზე რუსეთის მხრიდან ჩვეულებრივი, არაბირთვული თავდასხმისთვის მზადების ნიშნები. თუმცა, ევროპა მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ჰიბრიდული თავდასხმებისთვის.




