საფრანგეთის, იტალიის, ბელგიისა და ევროპის სხვა ქვეყნების კვალდაკვალ, გერმანიაშიც დაიწყო სტუდენტებისა და მოსწავლეების საპროტესტო აქციები ცხოვრების გაძვირების, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებისა და სოციალური ხარჯების შემცირების წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტოები dpa და Reuters იუწყებიან.
გერმანიის 34 ქალაქში, მათ შორის, ბერლინში, მაინის ფრანკფურტში, მიუნხენსა და კელნში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო ონლაინ ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფი Gen Z regelt, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებში ახალგაზრდების ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციებით შთაგონდა.
ინიციატივის მოთხოვნები მოიცავს პრობლემების ფართო სპექტრს, რომლებსაც, დემონსტრაციების ორგანიზატორთა აზრით, გერმანიის ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
კერძოდ, Gen Z regelt ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოითხოვონ განათლების ხარისხის ამაღლება, ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღება, კლიმატის უფრო აქტიური დაცვა, ფსიქოთერაპიასა და დამოკიდებულებების მკურნალობაში დახმარების ხელმისაწვდომობის გამარტივება. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ეწინააღმდეგებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას და სოციალური ხარჯების შემცირებას.
როგორც Deutschlandfunk იუწყება, პროტესტის მონაწილეთა რეალური რაოდენობა ქვეყნის ცალკეულ ქალაქებში ხელისუფლებისა და ორგანიზატორების მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა. ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან გამართულ დემონსტრაციაზე, პოლიციის დათვლით, 5000 ადამიანი გამოვიდა. ორგანიზატორებმა, თავის მხრივ, მონაწილეთა რაოდენობა 11 ათასად შეაფასეს.
მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, გერმანიის ხელისუფლებამ ახალგაზრდების საპროტესტო აქციებზე საერთო ვითარება მშვიდად შეაფასა.
ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია იყო პროტესტი მაინის ფრანკფურტში, რომელშიც, სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, 8000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციის შემდეგ მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა: როგორც dpa იუწყება, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს პეტარდები ესროლეს - ისინი წყლის ჭავლით დაშალეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კელნსა და შტუტგარტში პიროტექნიკის გამოყენებისა და სახის დამალვის აკრძალვის დარღვევის გამო მსვლელობების გაუქმების შესახებ. ჰამბურგში საპროტესტო აქციების დროს ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს.




