სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს წესი აუგო ყოვლადუწმინდესმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა. წესის აგებაში მონაწილეობდნენ მოსაყდრე შიო მუჯირი და ქართველი სასულიერო პირები.

წესის აგების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მრევლსა და ქართველ ერს ილია II-ისათვის გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ბართლომეოს პირველმა:

"უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივი ეკლესიათა ყოვლად სამღვდელონო წარმომადგენელნო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენო აღმატებულებავ, ქვეყნის ხელისუფალნო, სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენელნო, თქვენო აღმატებულებავ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო თბილისის მერო, ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთისმოსავნო ბერნო და მონაზონნო, ღვთისმოსავო საქართველოს ერო,

როგორც არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღმრთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ჩვენგან განშორებას.

აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს, ისტორიული ქვეყნის, უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი.

ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის.

წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთის მოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს.

შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ.

ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით, რომელიც გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში, იწვრთნებოდა, ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღვთის საიდუმლოთა.

მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო ღმერთმა ადრევე არწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა, ნეტარხსენებული პატრიარქ დავით V-ის მემკვიდრედ. განაბრწყინა მან მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141 საჭეთმპყრობელმა.

არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არცერთი სფერო, სადაც მას მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა.

ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობის მყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში და ასევე, ხუროთმოძღვრებაში. მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე. 

ღმერთმა იგი ღირსი გახადა, რომ 1990 წლის 4 მარტს, ჩემი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსგან, ერთადერთისგან, რომლისგან წმინდა კანონებისგან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. ასევე, იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში, ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოველადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში, მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს, ოფიციალურად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩემ მიერ, როგორც იმხანად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურე ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი.

ასევე, ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარებების გარეშე. საძირკვლიდან აღედგინა იგი, სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება ან ძველთა საძირკვლიდან აღდგენა, ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობები და დიალოგები, განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნულ ცხოვრების ჯგუფებს შორის, ხალხის და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა და განმტკიცება კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომელშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთიოსსიყვარულში დიდად წარემატა და ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოველის მპყრობელი უფლის სულით.

ზაქარია წინასწარმეტყველი, მე-4 თავის, მე-6 მუხლი, რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას, კრძალულებით, თავმდაბლური სულითა და მადლიერებით. ამის გამო ღირსეულად დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც ყოველდღიურად თავგანწირვით იღვწოდა სამწყსოსათვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედთ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან.

"ღირსია მუშაკი, რომ პატივი მიეგოს" - პირველი ტიმოთე, მე-5 თავი, მე-18 მუხლი.

ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მღვდელმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელსაც სატანადო წესით ჩვენ პერიოდულად ვიწვევდით, განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც ფანარის ტაძარში, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა ისევე, როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები.

მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიო საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული, სრულად იქნა დაფასებული. მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე, მრავალი ცრემლის მომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავი, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი და პატივსაცემი ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე.

გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი - მკვდარი ცოცხალია, ვამბობ, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ. იგი ცოცხლობს იქ, სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარსახილველნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლადნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა.

იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ 100 000 მოწამესთან ერთად, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს ახალ გაბრიელ სალოსამდე.

მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი, და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენ შორის იყო და აქვს მას კადნიერება, ღვთის საყდრის წინაშე, თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას.

შესაძლოა ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია თუმცა ამ მწუხარებაში, სიხარულიც სრულად შესაფერისია, მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: ქრისტე აღდგა! რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, ამინ" - განაცხადა ყოვლადუწმინდესმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა სამებაში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე.