მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ უპილოტო საავიაციო სისტემების მწარმოებელი კომპანია Drone Solutions-ის მოქმედი და ყოფილი გენერალური დირექტორები — ვიაჩესლავ ბარბასოვი და ირაკლი ხაზალია — პატიმრობაში აიყვანა.
ორივე მენეჯერს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წაუყენეს ბრალი, რაც ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ უწყებებს საქმის კონკრეტული ფაბულა ოფიციალურად ჯერ არ გაუხმაურებიათ, დაკავებები რუსეთში უპილოტო სისტემების სფეროში მიმდინარე ფართომასშტაბიანი შემოწმებებისა და წმენდების ფონზე ხორციელდება.
მოსკოვში 2018 წელს დაფუძნებული კომპანია აწარმოებს რთული კლიმატური პირობებისთვის განკუთვნილ უპილოტო საავიაციო სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ნეიროქსელებზე დამყარებულ კომპიუტერული მხედველობის სისტემებს. ბრენდის პროდუქცია გამოიყენება ნავთობგაზინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის, ხანძრების კერების თვალყურის დევნებისთვის და პერიმეტრის დასაცავად.
კომპანიის აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 23%) ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის (НТИ) მხარდაჭერის ფონდს ეკუთვნის, რომლის დამფუძნებლის უფლებამოსილებებიც მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაეცა. ფირმა წლების განმავლობაში იღებდა მსხვილ ინვესტიციებსა და სუბსიდიებს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფონდებისგან.
აღნიშნული საქმე არ არის იზოლირებული ინციდენტი — ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა მკაცრი შემოწმებები დაიწყეს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც "უპილოტო საავიაციო სისტემების" ეროვნული პროექტის ფარგლებში საბიუჯეტო დაფინანსებასა და სახელმწიფო სუბსიდიებს იღებდნენ.




