რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სომხეთიდან სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ოფიციალური პირობები წარადგინა. 

აღნიშნული განცხადება რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოქსანა ლუტმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან, გევორგ პაპოიანთან შეხვედრისას გააკეთა. მოლაპარაკებები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) აგროინდუსტრიული პოლიტიკის საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა.  

რუსული მხარის განცხადებით, შეზღუდვების მოსახსნელად და მიწოდების ყოფილ ნიშნულზე დასაბრუნებლად სომხური მხარე მკაცრ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. უწყებამ პრიორიტეტულ მოთხოვნებად რამდენიმე ძირითადი ფაქტორი გამოყო:

"სოფლის მეურნეობის პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა — მათ შორის სომხური მწარმოებლების მიერ საკუთარი ნედლეულის გამოყენება, პესტიციდების მკაცრი კონტროლი, მიწოდების ჯაჭვის სრული მიკვლევადობა და სხვა სავალდებულო მოთხოვნები — წარმოადგენს მთავარ პირობას იმ საქონლის იმპორტის განახლებისთვის, რომელზედაც ამჟამად შეზღუდვები მოქმედებს", — ნათქვამია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწოდებული პროდუქცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ ნორმებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში შეიმუშავებენ სპეციალურ ალგორითმს, რომელიც საზღვარზე გადასატანი ტვირთების უსაფრთხოების კონტროლს უზრუნველყოფს.