მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება და Gazprom-სგან ბუნებრივ აირს აღარ იღებს.

ადგილობრივ ტელეარხთან საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა ასევე თქვა, რომ დეკემბრიდან რუსულ გაზს მხოლოდ ქვეყნის სეპარატისტული რეგიონი იღებს. საუბარია დნესტრისპირეთზე, რომელმაც დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. რეგიონი მოლდოვის აღმოსავლეთ ფლანგზე, მდინარე დნესტრსა და უკრაინის საზღვარს შორის მდებარეობს და იქ რუსი სამხედროები არიან განლაგებული.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციითვე, სეპარატისტული რეგიონი რუსულ გაზს წლებია უფასოდ იღებს, ხოლო ქვეყნის დანარჩენი ნაწილის გაზმომარაგების ნაწილში შანტაჟს მიმართავს.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისი შეიქმნა. ამას ემატება ინფლაცია და უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი. მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა, რომელსაც პროდასავლური მთავრობა მართავს და ომის დაწყების შემდეგ მაია სანდუ რუსეთს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაში ადანაშაულებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, გასულ წელს მოლდოვას 300 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყო.