ევროპელი ლიდერების მზარდი რაოდენობა ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეას შეერთებული შტატებისგან მეტი ავტონომიის შესახებ. ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ფრანგულ სატელევიზიო შოუ La Faute à l'Europe-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მაკრონის აზრს არ გამოუწვევია წინააღმდეგობა ევროკავშირის ლიდერებში და მისი შეხედულებები ასახავს "ევროკავშირის ლიდერებს შორის განწყობის მზარდ ცვლილებას."
"რაც შეეხება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, ცხადია ევროპული საბჭოს მაგიდასთან შეიძლება იყოს ნიუანსები. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ემანუელ მაკრონის მსგავსად არ ილაპარაკებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრი იზიარებს ემანუელ მაკრონის მოსაზრებას", - განაცხადა მიშელმა.
გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, მაკრონმა თქვა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს აშშ-ზე თავისი დამოკიდებულება და არ ჩაერთოს ისეთ კრიზისებში, რომლებიც მისი არ არის.