მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აცხადებს, რომ ლიბიასთან ახლოს, გემზე, რომელსაც სუდანელი ლტოლვილები გადაჰყავდა, ხანძარი გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა.
IOM-ში აცხადებენ, რომ გემზე, სულ მცირე, 75 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 25 მათგანის გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილებს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ლიბია დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ აფრიკელი მიგრანტებისთვის ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოსახვედრად ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტია.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, ლიბიაში 44 ეროვნების დაახლოებით 867 000 მიგრანტი იმყოფება, რომლებსაც ევროპაში მოხვედრა სურთ.
თარგმანი: პირველი არხი








